17 მაი 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ოჯახთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია თითოეული ქართველისთვის. მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დანატოვარს, რომელიც ქართველების მთავარ ღირებულებას - ოჯახს ეხება გაფრთხილება სჭირდება.
,,პირველ რიგში, სრულიად საქართველოს ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. დღეს სრულიად საქართველო, დიდი და პატარა, ერი და ბერი - ყველანი ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ დაგვიტოვა. ეს დღე ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა ქართულ საზოგადოებას - ტრადიციებს, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, სიკეთესა და კულტურას. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს თაობებს შორის კავშირის, ოჯახის ერთიანობისა და შვილების სწორ ფასეულობებზე აღზრდის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ოჯახი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და საყრდენია. სწორედ ძლიერი ოჯახები ქმნის ძლიერ საზოგადოებას და ძლიერ ქვეყანას" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
საზეიმო მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ გმირთა მემორიალთან დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს.
ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ოჯახური ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცების საქმეში.