17 მაი 2026
ჩვენნაირი ერისთვის, ჩვენნაირი ბრძენი ხალხისთვის განსაკუთრებული ფასეულობაა ოჯახის სიწმინდის დღე, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ შეკრებაზე.
მისივე თქმით, ეს დღესასწაული თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანეს ფასეულობებს აერთიანებს.
„მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოში ყველა ოჯახს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ახლა, პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღნიშნავენ ქართული ოჯახის სიწმინდის დღეს. მინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების, მათ შორის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და მისი მებრძოლების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა საძმო საფლავთან დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადეს.