საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

17 მაი 2026

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 17 მაისს თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება.
თბილისში სამღვდელოება და მრევლი 10:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება.

ქაშვეთთან შეკრებილი მსვლელობის მონაწილეები 11:00 საათზე საზეიმო ლოცვითი მსვლელობით გაემართებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვას სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან.

პარალელურად, მსვლელობა მოეწყობა ბათუმშიც, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, მრევლი 12:00 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან ბათუმის განმანთავისუფლებელ მეომართა (იუნკერთა) საფლავისკენ, სადაც სამღვდელოება პარაკლისს გადაიხდის. 

საყოველთაო მსვლელობა გაიმართება რამდენიმე ქალაქში: თბილისი – ქაშუეთის ტაძარი; რუსთავი – მერია; ქუთაისი – აღმაშენებლის სახელობის ტაძარი; გორი – აღდგომის ტაძარი; ბათუმი – საკათედრო ტაძარი; ახალციხე – ამაღლების ტაძარი; ზუგდიდი – დადიანების ტაძარი; თელავი – ღვთისმშობლის ტაძარი; მცხეთა – თეატრონი; ოზურგეთი – საკათედრო ტაძარი.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.