16 მაი 2026
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმმა ქართველი და უცხო ქვეყნის ვაზისა და ღვინის დარგის მეცნიერები, პროფესიონალები, მარკეტერები, ტურიზმის სფეროს და მედიის წარმომადგენლები გააერთიანა.
ფორუმის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უახლესი კვლევის შედეგები, კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობა, ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვისა და კვლევის მიმართულებები, იშვიათი ადგილობრივი ჯიშებისა და ქვევრის ტრადიციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები.
თემატური სესიების ფარგლებში საერთაშორისო და ქართველმა სპიკერებმა ღვინის მარკეტინგის, ბრენდინგის, ციფრული კომუნიკაციების, ღვინის ტურიზმისა და ახალი ბაზრების განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა ჯიღაურას ბაზაზე დაცული, აღდგენილი, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პროფესიული დეგუსტაცია.