15 მაი 2026
მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია დაიწყო. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ცნობილია, რომ ქვეყნის მთავარი დიპლომატი საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე სწორად პოზიციონირებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს.
ქალაქ კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში 46 ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ელჩები მონაწილეობენ. მიმდინარე მინისტერიალის პრიორიტეტული საკითხებია უკრაინის მხარდაჭერა, მიგრაცია და დეზინფორმაციის, მათ შორის უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევებთან ბრძოლა.
მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები მაღალი თანამდებობის პირებთან. ღონისძიება გახსნა და სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მოლდოვის პრეზიდენტმა ,მაია სანდუმ. სესიის მონაწილეებს მიესალმა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, მოლდოვის რესპუბლიკა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას მონაკოს გადააბარებს, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს და ამ ვადაში სწორედ მონაკო განსაზღვრავს კომიტეტის პრიორიტეტებს.