ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

14 მაი 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს და ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს, ფუად აზიზოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, მისთვის სიმბოლურია ახალ პოზიციაზე პირველი დიპლომატიური შეხვედრის აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გამართვა.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. მოგვეცა შესაძლებლობა, გვემსჯელა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში დგას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. ამას ადასტურებს სავაჭრო ბრუნვის მზარდი მაჩვენებელიც - შარშან ორმხრივმა ვაჭრობამ მილიარდ 300 მილიონს მიაღწია. მნიშვნელოვანი საკითხია ტურისტული ნაკადების რაციონალური მართვა. ბაქო-ბათუმის მიმართულებით კვირაში ორი რეისი სრულდება, ხოლო ივნისიდან რეისები ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე.
ვფიქრობ, ჩვენი ჩართულობა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნესფორუმების გამართვა ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის ოთხივე სეზონის მიმართულებები გააცნო.
ზურაბ პატარაძის თქმით, რეგიონი მზად არის აქტიურად უმასპინძლოს ორმხრივ ბიზნესფორუმებსა და მასშტაბურ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი კავშირების გაღრმავებას და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ესწრებოდა.