17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება

14 მაი 2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული სადღესასწაულო წირვისა და მსვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 17 მაისს სამების ტაძარში შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან. 

„17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.

პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

„იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება“, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.