პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა   

13 მაი 2026

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, დამხმარე პირის მეშვეობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

ასევე, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობები გასცა, რაშიც ქრთამის სახით 1 000 ლარი მოითხოვა და აიღო. პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.