11 მაი 2026
აჭარის ხუთ საჯარო სკოლაში პროექტის – „აგრარული განათლების პოპულარიზაცია“ განხორციელება იწყება. პროექტის პრეზენტაცია სალიბაურის პირველ სკოლაში გაიმართა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინიციატივის მიზანი მოსწავლეებში სოფლის მეურნეობისადმი ინტერესის გაღვივება და აგრარულ სფეროში ცნობიერების ამაღლებაა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში, მათ შორის: მცენარეების დარგვაში, მოვლა-პატრონობასა და ნიადაგის დამუშავებაში.
საწყის ეტაპზე შეირჩა სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა, სადაც ბოსტნეული კულტურების საჩითილე მეურნეობისთვის მცირე ზომის სათბურის მოწყობაა დაგეგმილი.
ასევე სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა, სადაც გათვალისწინებულია მოცვის მოყვანა ქოთნებში, შერჩეულია ასევე დაბა ქედის საჯარო სკოლა, სადაც უნდა მოეწყოს ბოსტნეული კულტურების საჩითილე მეურნეობა მცირე სათბურში და ბოსტნეული კულტურები მოიყვანონ ღია გრუნტშიც; ხუთეულშია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლა, სადაც დაგეგმილია მოცვის მოყვანა ქოთნებში.
ირიგაციისა და ფერტიგაციის სისტემების გამოყენებით, პროექტში ჩართულია ასევე აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეებმა ჟოლოს ბაღი უნდა გააშენონ.