11 მაი 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებს შეხვდა.
შეხვედრაზე, თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ, მთავრობის თავმჯდომარეს მოახლოებული საერთაშორისო გასტროლებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გააცნო ინფორმაცია. მთავრობის თავმჯდომარემ, თავის მხრივ აღნიშნა, რომ დაგეგმილი გასტროლები ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ზრდას სამიზნე ბაზრებზე.
„რამდენიმე დღეში დაგეგმილია გასტროლები საზღვარგარეთ, ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან სამიზნე პლატფორმებს წარმოადგენს - ვგულისხმობ თურქეთის რესპუბლიკას. ასევე, დაგეგმილია გასტროლები ყაზახეთში, შუა აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, სადაც გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება და ჩვენი დასი ადგილობრივი მაყურებლის წინაშე წარდგება.
ვფიქრობ, მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სამიზნე ბაზრებზე კიდევ უფრო გაიზრდება ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამასთან, კულტურული ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და, რა თქმა უნდა, ჩვენს შემოქმედებით კოლექტივებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ბათუმის დრამატული თეატრი 13-14 მაისს ტრაპიზონში, შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას სპექტაკლით - „დარისპანის გასაჭირი“. ასევე, დაგეგმილია გასტროლი ყაზახეთში, სადაც მსახიობები IV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „BIKEN FEST“-ზე ახალი სპექტაკლით წარდგებიან.