11 მაი 2026
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებს შორის აუდიენცია, ბრატისლავას ციხესიმაგრეში გაიმართა. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
დღევანდელ შეხვედრებში მონაწილეობდნენ პარლამენტის ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებიც. შეხვედრის დასრულების შემდეგ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტის და მზაობა გამოთქვა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროინტეგრაციის გზაზე.
რიხარდ რაშისვე თქმით, საუკეთესო გზა დიალოგია და არა სანქციები, რასაც მისივე შეფასებით, ხალხისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაძლიერებაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა სლოვაკურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობაშიც გამოიხატება. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
ასევე, განაცხადა, რომ ქართული მხარე ყოველთვის ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.