11 მაი 2026
ბათუმის სპორტის სასახლე ორი დღის მანძილზე კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა. კონტინენტის პირველობა საქართველოში მესამედ ჩატარდა, ბათუმმა კი მას პირველად უმასპინძლა. ჩემპიონობისთვის 22 ქვეყნის ხუთასამდე სპორტსმენი იბრძოდა, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები.
ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მებრძოლებმა კიდევ ერთი ისტორია დაწერეს. პირველად მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, კვარცხლბეკზე ერთბაშად სამი ქართველი იდგა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი მინდია მგელაძე გახდა, რომელმაც ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო.
ვიცე-ჩემპიონის ტიტული დავით ძნელაძემ მოიპოვა, რომელიც ახალგაზრდებს შორის 2025 წლის ჩემპიონია. ლაშა შანთაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა. მეორე ქართული ფინალი შედგა 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც გუნდის კაპიტანმა ლაშა ოზბეთელაშვილმა ფინალში თანაგუნდელი ლაშა ბაბუაძე დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა. ბაბუაძისთვის კი, რომელიც ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია, დიდებში ეს სადებიუტო მედალი იყო.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ასევე მარიამ წიკლაურმა. ეს იყო საქართველოსთვის პირველი, ისტორიული ევროპის ჩემპიონატი, სადაც გულშემატკივარმა ორი ქართული ფინალი იხილა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კი მამაკაცთა შორის ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. 2027 წლის ევროპის ჩემპიონატი უკვე ლიეტუვაში გაიმართება.
ჩემპიონატის საზეიმო გახსნის დროს კონტაქტური კარატეს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ტურნირის ორგანიზებისთვის სპეციალური ჯილდოები გადასცა საქართველოს სპორტის მინისტრს, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრს, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს, სპორტის მინისტრის მოადგილეს და ევროპის ფედერაციაში საქართველოს კარატეს წარმომადგენელს ირაკლი დოლაბერიძეს და კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელს ლევან ცინცაძეს.