დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

11 მაი 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: "პრეგაბალინი" და "კოკაინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.