პოლიციამ მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა

09 მაი 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირი ამხილეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა მოდელის 42 მობილურ ტელეფონს და თანხას.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მალევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო", -აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.