ბათუმის „დინამომ" „გაგრა" დაამარცხა

07 მაი 2026

ბათუმის „დინამო“ ეროვნულ ლიგაში „გაგრას“ ესტუმრა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ზღვისპირელთა გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიში მე-13 წუთზე დიმიტრი მანდრიოჩენკოს ზუსტი დარტყმით გახსნა.

მოლდოველმა ნახევარმცველმა 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა და სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

„გაგრამ“ 87-ე წუთზე ზურაბ ჭავჭანიძის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 11 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 11 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზე დაწინაურდა და „გაგრა“ მე-9 პოზიციაზე დააქვეითა.