06 მაი 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრებზე მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაცია მიიღო კონკრეტული მიმართულებებით უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ტურიზმის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა სამიზნე ბაზრების ათვისების, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების განვითარების და გოდერძის უღელტეხილის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების საკითხებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადების მუდმივ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა.
„ტურიზმი ჩვენი რეგიონის განვითარებისა და წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოვისმინეთ ტურიზმის დეპარტამენტის დეტალური ანგარიში სამომავლო გეგმების შესახებ, რაც მიზნად ისახავს სერვისების გაუმჯობესებას და ეს უახლოეს პერიოდში აუცილებლად აისახება როგორც სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, ისე ჩვენს რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე“,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს და დინამიკურად გაგრძელდება როგორც გზების მშენებლობის, აგრეთვე, სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„საგზაო დეპარტამენტში საკმაოდ ვრცელი მიმოხილვა გვქონდა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის ცენტრალური, შიდა, სასოფლო გზების რეაბილიტაციის შესახებ. გზების ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. მოსახლეობისთვის ღირსეული პირობების შექმნა არის სწორედ ის, რაზეც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება ზრუნავს“,- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მიზანია ყველა სამთავრობო რგოლის და უწყების კოორდინაცია, ერთიანი ხედვის ფორმირება და საერთო ძალისხმევით, რეგიონის მრავალფეროვანი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.