06 მაი 2026
ვარდობის დღესასწაული იზეიმეს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში მცხოვრებმა ქართველებმა. აქ არსებული ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პირველად, მასშტაბურად აღნიშნეს ქართული კულტურის დღე.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც თურქეთის სხვადასხვა ქალაქში, ეთნიკური ქართველების მიერ დაარსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო, დუზჯეს კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ჯგუფი, ანსამბლი “რირაში” ინეგოლიდან და მუსიკალური ჯგუფი სტამბოლიდან აჰმედ ოზაქან მელაშვილის შვილის, იბერია ოზქან მელაშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიების პარალელურად, გაიმართა გამოფენა, სადაც თურქეთში მცხოვრებ ქართველებს წარმოდგენილი ჰქონდათ ქართული კერძები, ქართული კალიგრაფიის ნიმუშები და სხვა. ღონისძიება გვიან ღამით დასრულდა.
თურქეთში მცხოვრები ქართველების ვარდობის დღესასწაულს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. მათ დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადეს.