მსჯავდებულების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის იუსტიციის სახლში

05 მაი 2026

ბათუმში, იუსტიციის სახლში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილია მსჯავდებულების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები.

ღონისძიებაში მონაწილეობენ პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარები და საერთო ჯამში სივრცეში წარმოდგენილია დაახლოებით 200-მდე მსჯავდებულის მიერ დამზადებული ორი ათასამდე ნივთი. გამოფენაზე დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს და შეიძინოს სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი პროდუქცია, მათ შორის თექის, ტყავისა და ხის მასალისგან შექმნილი ნივთები.

წარმოდგენილია როგორც დეკორატიული, ისე პრაქტიკული დანიშნულების ნამუშევრები — აქ შეხვდებით ხელნაკეთ აქსესუარებს, ინტერიერის დეკორს, სუვენირებსა და ყოველდღიურ გამოყენებად ნივთებს.

ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის გამოფენა-გაყიდვები მნიშვნელოვანი პლატფორმაა მსჯავდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესისთვის. მათი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს მსჯავდებულთა შრომა, შემოქმედებითი პოტენციალი და ხელი შეუწყოს მათ სოციალურ ინტეგრაციას.

ღონისძიება ბათუმის იუსტიციის სახლში დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაეცნონ ნამუშევრებს, შეიძინონ სასურველი პროდუქცია და ამავდროულად, მხარი დაუჭირონ მსჯავდებულთა დასაქმებისა და განვითარების პროცესს.