ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად, ეს ყველაზე დიდი ცინიზმია - პაპუაშვილი

05 მაი 2026

სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ისინი, რომლებმაც საქართველოში მედია პროპაგანდის ინტრუმენტად აქციეს, დღეს თავს მედიის დამცველებად წარმოაჩენენ.

„მედიას და მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, გუშინაც ვნახეთ ბრიტანეთის საელჩოს სტატია, რომელსაც რამდენიმე სხვა საელჩოც უერთდებოდა. ეს არის სწორედ ის ფარისევლობა, რომელსაც დღითიდღე ვაკვირდებით ბრიუსელიდან და ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან. ვხედავთ, რომ თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ თავისუფალი მედიის ჭირისუფლებად. სინამდვილეში, ისინი, რომლებიც საქართველოში კლავენ თავისუფალ მედიას, მედია აქციეს პროპაგანდის ინტრუმენტად, დღეს თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს არიან მედიის დამცველები. ამის ბევრი მაგალითია – ბრიტანეთის საელჩო თურმე წუხს მედიასა და მედიის თავისუფლებაზე. საელჩო, რომელიც ცდილობდა, პარტიული პროპაგანდის მანქანა დაეფინანსებინა, ვგულისხმობ „ტაბულას“, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პარტიის კედლის გაზეთი. ევროკავშირი, რომელიც საქართველოში აფინანსებს ზოგიერთ ე.წ. ონლაინგამოცემას, სინამდვილეში კი, ჩვეულებრივ პროპაგანდის იარაღს, საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე.

ასე რომ, სწორედ ბრიუსელი და სწორედ უცხოური დაფინანსება არის, რომელიც კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას საქართველოში. რა თქმა უნდა, როდესაც ვხედავთ, რომ მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება, ადამიანმა იხილოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელი, უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატს, ცენზურას და პროპაგანდას.

„მაგალითებს მოვიყვან – ყველა მედია, ონლაინგამოცემა თუ ა.შ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირიდან ან საზღვარგარეთიდან, ყველა კრიტერიუმით არის ჩვეულებრივი პროპაგანდის ინსტრუმენტი. შეხედეთ მათ სტატიებს, მათ ინფორმაციას, ინტერვიუებს. როდესაც ისინი იღებენ ინტერვიუებს სხვადასხვა ელჩისგან, უცხუელი ავტორისგან, არ არის არც ერთი კრიტიკული კითხვა უცხოელი ელჩის მიმართ, ვინაიდან თავად აფინანსებენ და რა თქმა უნდა, კრიტიკულ კითხვებსაც არ იღებენ. არც ერთი კრიტირიკული სტატია ბრიუსელის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, როდესაც ცდილობდნენ, ეკონომიკურ ომში ჩავეთრიეთ რუსეთთან. ქართველები სხედან რედაქციაში და აკეთებინებენ ანტიქართულ საქმეს, თუმცა ეს საქმე რომ არ გამოსდით და საბოლოო ჯამში, ამის მხილებაც მოხდა, რაც არის მათ შორის გამჭვირვალობის კანონის შედეგიც, როგორც ჩანს, შეეშვნენ ამ ფარულ ქმედებებს. უფრო სწორად, ხედავენ, რომ არაეფექტურია.

ახლახან ვნახეთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ საკუთარი პიარდეპარტამენტის არხი გაგვიხსნა. პოლონეთის მთავრობის პროპაგანდის იარაღია დღეს ქართულ სივრცეში, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობენ, როგორც მედია. ქართველ ხალხს ასე ნაცარს ვერ შეაყრის პოლონეთის მთავრობა. ონლაინსივრცეში რომ გამოჩნდა, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდის ინსტრუმენტი. პირველივე, რაც გააკეთეს, თავს დაესხნენ ქართულ ეკლესიას და როგორც ჩანს, ეს არის პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა, ასევე დეზინფორმაციით თავს დაესხნენ ქართულ პოლიტიკურ დისკუსიას სხვადასხვა თემაზე. ასე რომ, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მაგალითი, როგორ ცდილობს უცხო ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი პროპაგანდის გავრცელებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.