საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დუზჯეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

05 მაი 2026

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები  თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეს „ქართული კულტურის ცენტრის“ მიწვევით დუზჯეში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ფრიდონ ფუტკარაძემ და ანზორ ბოლქვაძემ დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება მოინახულეს და შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც ქართული ენის განყოფილების დაარსებასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს.

დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 2013 წელს ქართველოლოგის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ძალისხმევით და უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით გაიხსნა. სწორედ, მის მიერ შედგენილი პროგრამით მიმდინარეობს სწავლა აღნიშნულ ფაკულტეტზე.

ფრიდონ ფუტკარაძემ და ანზორ ბოლქვაძემ დაათვალიერეს ასევე კაბინეტი, რომელიც  სიმბოლურად ტარიელ ფუტკარაძის სახელს ატარებს.

აქვე მოწყობილია მცირე ბიბლიოთეკა.  მათ მოისმინეს იმ ღვაწლისა და დამსახურების შესახებ, რაც ტარიელ ფუტკარაძემ დუზჯეს უნივერსიტეტში, ასევე, დუზჯეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებში ენის განვითარებისა და კულტურის შესანარჩუნებლად გასწია. ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში და სწავლობდა იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების ყოფა-ცხოვრებას და დიალექტს, 2021 წელს გარდაიცვალა.

მოგვიანებით დეპუტატები დუზჯესქართული კულტურის ცენტრს“ ეწვივნენ და იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდნენ. ცნობისთვის, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში ათასობით ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.