05 მაი 2026
ვოლოდიმირ ზელენსკისთან გუშინდელი საუბარის დეტალებზე ვერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია, რჩება, არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ არსებითად კონცენტრირებულები იყვნენ მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრობლემები რჩება, თუმცა მნიშვნელოვანია მომავალზე ორიენტირება.
„სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო და ეს პრობლემები არსად წასულა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული. მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, მიუხედავად დაგროვილი პრობლემებისა, ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის ომის მდგომარეობაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით. პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული“, – აღნიშნა პრემიერმა.