კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

04 მაი 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „ქართულ-ებრაული ურთიერთობები - წარსული და თანამედროვეობა", რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

კონფერენცია უნივერსიტეტში აბრაამ საპირის (სეფიაშვილის) სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობების ცენტრის გახსნას მიეძღვნა.

გივი მიქანაძემ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების საპატიო სტუმარს, ქართველ-ებრაელ ინჟინერს, მწერალს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს აბრაამ საპირს ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

კონფერენციაზე აკადემიურ და სიღრმისეულ დონეზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ქუთაისელ ებრაელთა ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ლექსიკა, ქართველ ებრაელთა მეტყველებაში არსებული ფრაზეოლოგიზმები, ებრაული კულტურის ხელახალი გააზრება და სამშობლოს თემა ქართველ ებრაელთა პოეზიაში.

აბრაამ საპირის (სეფიაშვილის) სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობის ცენტრი ქართულ და ებრაულ საზოგადოებებს შორის, მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანებს - მკვლევრებს, სტუდენტებს, დიასპორის წარმომადგენლებსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს - გააერთიანებს.