04 მაი 2026
მსოფლიოს ყურადღება ახლა სომხეთისკენ არის მიმართული, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი მიმდინარეობს. სამიტმა სტარტი დღეს აიღო და მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.
ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში.
პრემიერ მინისტრის განცხადებით ამიერკავკასიის და ზოგადად, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული, საქართველო შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
სომხეთში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
ასევე, ერევანში უკვე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. სომხეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.