02 მაი 2026
თურქეთის რესპუბლიკის დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე სტუმრობდნენ. მათ შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და ქართული ენის განყოფილების დაარსებასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს.
დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 2013 წელს ქართველოლოგის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ძალისხმევით და უნივერისტეტთან აქტიური თანამშრომლობით გაიხსნა. სწორედ, მის მიერ შედგენლი პროგრამით მიმდინარეობს სწავლა აღნიშნულ ფაკულტეტზე. ამავე უნივერსიტეტში, ტარიელ ფუტკარაძის სახელობის კაბინეტი მოქმედებს, სადაც მცირე ბიბლიოთეკაცაა მოწყობილი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ასევე, მოინახულა და დაათვალიერა, ძმის სახელობის კაბინეტი და მოისმინა იმ ღვაწლისა და დამსახურების შესახებ, რაც ტარიელ ფუტკარაძემ დუზჯეს უნივერსიტეტში, ასევე, დუზჯეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებში ენის განვითარებისა და კულტურის შესანარჩუნებლად გასწია.
ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში და სწავლობდა იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების ყოფა-ცხოვრებას და დიალექტს, 2021 წელს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში ათასობით ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.