UniverCity - ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე გაიხსნება

02 მაი 2026

2 მაისს, 13:30 საათზე, ქუთაისქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საზეიმო ვითარებაში გაიხსნება შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - UniverCity. პროექტი შემუშავებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) და ქუთაისის მერიის უერთიერთთანამშრომლობით. 

UniverCity-ს სივრცეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გახსნიან. ღონისძიებას KIU-ს წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან ერთად, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

საზეიმო გახსნასთან ერთად დაგეგმილია KIU-ს აქტივობები. 

ახალი სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქვეყნის საგანმანათლებლო რეფორმასთან. აღნიშნული ხედვის ფარგლებში, ქუთაისი იძენს დასავლეთ საქართველოს უმთავრეს საგანმანათლებლო ფუნქციას, რაც ქალაქს აძლევს უნიკალურ შანსს, გაძლიერდეს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან, საინტერესო თვითრეალიზაციისა და განვითარების ცენტრად.

UniverCity-ის სივრცე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდა. უნიკალური პროექტი ოთხ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აერთიანებს. ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM სისტემების განვითარებასთან ერთად, აქ აქტიურად წარიმართება კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ღონისძიებები. გარემო ასევე დაეთმობა ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ სერვისებს, დასასვენებელ კომფორტულ ზონებსა და სივრცეებს საქმიანი შეხვედრებისთვის. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღნიშნულ სივრცეში დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი პროექტები, მოიწვიონ სტუმრები და გამართონ საჯარო დისკუსიები მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

გარდა ამისა, ჰაბში წარმოდგენილი იქნება KIU-ს ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები და დეტალური ინფორმაცია რეგიონის გამორჩეული საუნივერსიტეტო კამპუსის შესახებ.

UniverCity მნიშვნელოვან ფუნქციას ტურისტული თვალსაზრისითაც შეასრულებს, რადგან ქალაქის სტუმრები ადგილზე გაეცნობიან ქუთაისის, როგორც ისტორიული და თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრის როლს. პროექტი კიდევ უფრო განამტკიცებს KIU-ს პოზიციონირებას ინოვაციური და სამეწარმეო ჰაბის სახით, რაც სრულ თანხვედრაშია ქალაქის განვითარების საერთო სტრატეგიასთან.