30 აპრ 2026
30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის ძალების დღე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
ქვეყნის თავდაცვის ძალებს დღეს სამხედრო მოსამსახურეთა ახალი ნაკადი შეუერთდა. თავდაცვის ძალების 31-ე და 43-ე ქვეითი ბატალიონების წვევამდელებმა სამხედრო ფიცი ღვთისა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს.
თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა - მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. სიტყვით მიმართვისას, მათ თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „თავდაცვის ძალები 35 წლისაა“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“.
ღონისძიების დასასრულს, 31-ე და 43-ე ქვეითი ბატალიონების წვევამდელებმა ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის - „ერისიონის“ შესრულებული „მრავალჟამიერის“ ფონზე, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ვერტმფრენებმა გადაიფრინეს დროშებით - „35 წელი სამშობლოს სამსახურში“.
საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ჯარის ჩამოყალიბების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 1991 წლის 30 აპრილს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.