29 აპრ 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „ცირა ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ პლენუმმა საქმის განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგი სიტყვები: „აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული სესხის გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს,“ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ნორმის განმარტება სავალდებულოდ, უკუქცევითი ძალით იქნა გამოყენებული მის მიმართ საერთო სასამართლოების მიერ.
სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ მოსამართლე ყოველი დავის გადაწყვეტისას არ უნდა შეიბოჭოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით და არ უნდა იყენებდეს მას უკუქცევით. სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ არსებული ნორმა, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს საქმის განმხილველი მოსამართლის დამოუკიდებლობას, მეორე მხრივ, მოსარჩელის შემთხვევის მსგავსად, შესაძლოა, პირის მიმართ უკუქცევითი შედეგი დადგეს.
იმავდროულად, მოსარჩელის განცხადებით, მის მიმართ მიმდინარე წარმოების ფარგლებში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე უარის თქმით, მას წაერთვა საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილების შუამდგომლობის დაყენების უფლება ისევე, როგორც საქმეზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.მოსარჩელე საქმის განხილვად დისტანციურად ესწრება.