29 აპრ 2026
საქართველოს საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 28 აპრილის სხდომის ოქმს ავრცელებს.
სინოდის ოქმის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის ასაკსა და განათლებასთან დაკავშირებული საკითხები დაისვა, თუმცა წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა ორივე საკითხის განხილვის შეწყვეტას.
სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეორე პუნქტთან მიმართებით მოცემულ ვითარებაში, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება.
ამასთან, სინოდის სხდომის ოქმში შეტანილია დღევანდელი კენჭისყრის შედეგები, რომლის თანახმადაც:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიიღო 20 ხმა;
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) – 7 ხმა;
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა;
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) – 0 ხმა;
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე) – 1 ხმა;
წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) – 2 ხმა.