ერთი წელი მომეცა შესაძლებლობა ჩემს მხარეში საქმიანობის, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის, თანადგომისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ახალი მანდატისთვის - სულხან თამაზაშვილი

28 აპრ 2026

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტიის წევრებს წარუდგინა. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრა ბათუმში გაიმართა.

საქართველოს ახლად დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, რომელიც მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, თანამშრომლებს ერთგულებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ თავმჯდომარეს კი წარმატებები უსურვა.

"ერთი წელი მომეცა შესაძლებლობა ჩემს რაიონში, ჩემს მხარეში საქმიანობის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, თანადგომისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ახალი მანდატისთვის, ნდობისთვის. მინდა მივულოცო ღირსეულ ადამიანს, ბატონ ზურას თავმჯდომარედ დამტკიცება. ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, მას აქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პრაქტიკა გავლილი, დაგროვებული, როგორც დიპლომატიურ მისიებში, ასევე რეგიონში მრავალი წლის განმავლობაში თავმჯდომარე იყო. ეს ყველაფერი მას გამოადგება ისევ ჩვენი რეგიონის განვითარების საქმეში. მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა უკვე, როგორც შს მინისტრის პოზიციიდან. წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ 13 ხმით აირჩია. პატარაძე რეგიონს 8-წლიანი დიპლომატიური საქმიანობის შემდეგ უბრუნდება, აჭარის მთავრობას ის 2016-18 წლებშიც ხელმძღვანელობდა.