28 აპრ 2026
13 ხმით აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ზურაბ პატარაძეს ნდობა 8 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოუცხადა. კანდიდატს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ''გახარია საქართველოსთვის'' პარტიის დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
უცვლელი დარჩა აჭარის რეგიონის მინისტრთა კაბინეტი, რომლებთან ერთადაც ახლად არჩეული თავმჯდომარე საქმიანობას გააგრძელებს.
კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოს წევრებს თავმჯდომარეობის კანდიდატმა სამთავრობო გეგმა და პრიორიტეტები გააცნო. რეგიონში ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა, განათლების, სპორტის, კულტურის, სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური პროექტების განხორციელება, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და განვითარება - სწორედ ამ მიმართულებებზე გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება დღეს ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს და განაცხადა, რომ ყველა საკითხი კოორდინირებულად და შეთანხმებულად გადაიჭრება.
მისივე ინფორმაციით, 2026-28 წლებში რეგიონში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის 30 სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეკონტრუქცია.
8 წლიანი დიპლომატიური საქმიანობის შემდეგ დღეიდან ზურაბ პატარაძე უკვე მეორედ შეუდგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობას. ის აჭარის რეგიონს 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა.