28 აპრ 2026
საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება დაგმეს პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენლებმა. განცხადებები დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე გააკეთეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არ არის გადატრიალების პირველი მცდელობა, როცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აქტიურად ცდილობენ ქვეყანაში დაძაბულობის პროვოცირებას.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პაველ ჰერჩინსკი ადრეც არაერთხელ ჩარეულა ქვეყნის შიდა საქმეში, მაშინც როცა მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მხარი არ დაეჭირათ მმართველი გუნდისთვის. განცხადებები გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ცვლილებასთან დაკავშირებითაც.
,,გახარია-საქართველოსთვის'' გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს არის ,,ქართული ოცნების'' საპატიო თავმჯდომარის პირადი გადაწყვეტილება და არა ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯი.
უმრავლესობაში კი მიუთითებენ, რომ მამუკა მდინარაძე იყო უწყების ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი ხელმძღვანელი, რომლის სახელსაც არა ერთი წარმატებული ოპერაცია უკავშირდება, მათ შორის ტერორიზმის მცდელობის აღმოფხვრა და კორუფციასთან აქტიური ბრძოლა.