28 აპრ 2026
საქართველოს საგარეო უწყება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ოფიციალურ გვერდზე განახლდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიმართ და 2026 წლის 4 მარტის ვერბალურ ნოტაზე N 01/6865 დამატებით, კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე განახლდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდეც ერთხელ შეახსენებს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს, რომ 2024 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, ხოლო, 2024 წლის 1 დეკემბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ განუახლოს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.