სინოდის სხდომა პატრიარქობის სამ კანდიდატს დღეს შეარჩევს

28 აპრ 2026

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.

სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – საკუთარი კანდიდატურაც.

სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.

კრებაზე ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, იმართება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობას მიიღებს.