27 აპრ 2026
მსგავსი ნაბიჯები, რომლებსაც ვხედავთ, რომლებიც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის, იმ ურთიერთობებს, რაც არის საქართველოსა და ბრიუსელს შორის და მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ელჩს გააცნეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ბრიუსელში გაკეთებულ მის განცხადებებთან დაკავშირებით.
„ეს არის ჩვენი პოზიცია. შეუძლებელია, არ გავაცნოთ ელჩს, რას ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ ბრიუსელში. როგორ აღვიქვამთ ჩვენ საქართველოში იმ ნაბიჯებს, რომლებსაც დგამენ. ყველაფერი, რაც კეთდება ბოლო პერიოდში, მიმართულია ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ, რაც მიუღებელია. ასეთ ნაბიჯებს ვერ აღვიქვამთ მეგობრულ და პარტნიორულ ნაბიჯებად. ურთიერთობებში თუ რამე არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში, უნდა გამოსწორდეს დამოკიდებულება საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან სრულყოფილ დიალოგზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს სწორედ იმ ხალხის ნებას, რომელზეც ასე ღელავენ.
„ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების მეტად პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ასევე, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და მსგავსი მუქარა. განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რაც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელიც, სხვათა შორის, ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, მიუღებელია, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ამ საზოგადოებაში პოლარიზაციისკენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზებას, მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგის წახალისება.
„როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. სურათი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მიუღებელი. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი, საქართველოს არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან მიმართებით, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი. შესაბამისად, ჩვენც ველოდებით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რომელსაც იმსახურებს საქართველო კეთილსინდისიერ ურთიერთობებში. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ეტაპზე. სწორედ ამის გამოხატულებაა ის განცხადებები და ნაბიჯებიც, რასაც ვხედავთ. შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა, ურთიერთობები ისევ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეს, სულ მცირე, ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი და უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რომლებსაც სწორედაც რომ არყევს ასეთი ნაბიჯები და განცხადებები, რაც მოვისმინეთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.