პაველ ჰერჩინსკი დიდი ხანია, გასცდა დიპლომატიურ ჩარჩოებს, ის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასოწარკვეთილი აქტივისტივით წყევლასა და მუქარაზეა გადასული - "ერთიანი ნეიტრალური საქართველო"

23 აპრ 2026

პაველ ჰერჩინსკი დიდი ხანია, გასცდა დიპლომატიურ ჩარჩოებს, ის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასოწარკვეთილი აქტივისტივით წყევლასა და მუქარაზეა გადასული. ცხადია, მის პოზიციებსა და ქმედებებს აღვიქვამთ როგორც მთლიანად ევროკავშირის პოზიციას, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანება, რომლისკენ მისწრაფებაც კონსტიტუციურ დოგმად გვაქვს განსაზღვრული, ჩვენს ქვეყანას სამოქალაქო ომში დაბრუნებით ემუქრება - ვკითხულობთ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გზავნილი ასეთია: თუ ისე არ მოიქცევით, როგორც ბრიუსელი გიკარნახებთ, ანუ უარს არ იტყვით ბავშვების ლგბტ პროპაგანდისგან დაცვაზე; თუ არ დაუშვებთ უცხოური ფულის თავისუფალ მიმოსვლას; თუ არ დააბრუნებთ ხელისუფლებაში ჩვენს აგენტურას — კოლექტიურ ნაცმოძრაობას; თუ არ აჰყვებით ჩვენს ანტირუსულ ისტერიას; თუ არ იტყვით უარს თქვენს სუვერენიტეტზე, ტრადიციებზე, ღირებულებებზე — ჩვენ თქვენ სამოქალაქო ომს მოგიწყობთ!

ასეთ დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა ხელისუფლებასთან: მეტი რა შეიძლება მოხდეს, მეტი რა ფორმით უნდა გვითხრან, რომ ევროკავშირში ჩვენი ღირსებით, ტრადიციებითა და სუვერენიტეტით არავინ გველოდება?! ან უნდა დასრულდეს დაჟინებული განცხადებები, რომ საქართველო, ყველაფრის მიუხედავად, მაინც აგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, ან უნდა შევეგუოთ მსგავს შეურაცხმყოფელ მუქარის ტონს, იქნება ეს პაველ ჰერჩინსკისგან თუ სხვა რომელიმე ევრობიუროკრატისგან.

რუბიკონი გადალახულია და ევროკავშირის მხრიდან ძალიან კონკრეტული არჩევანია დაყენებული ჩვენს წინაშე, რომელსაც თან მუქარაც ახლავს.

ქართულ სახელმწიფოზე ღია თავდასხმას სჭირდება ადეკვატური პასუხი. როგორც ჩანს, ევროკავშირი, მის შიგნით არსებული გადაუჭრელი პრობლემების მიუხედავად, კვლავ აქტიურად მუშაობს საქართველოს დესტაბილიზაციისა და წარსულში დაბრუნების გეგმაზე. ჰერჩინსკიმ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა ბერკეტების გამოყენების იმედი აქვს, როდესაც ქვეყანას სამოქალაქო ომში გახვევით ემუქრება"- აღნიშნულია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.