ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

22 აპრ 2026

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. დეპუტატებმა მმართველი გუნდიდან აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს რეგიონში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. ოპოზიციამ კი გააკრიტიკა. 

საკრებულომ დღეს თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილის, ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოსათვის უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. დოკუმენტის მიხედვით, მეორადი ქვაფენილი მოხმარდება საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეკლესია- მონასტრების ეზოების კეთილმოწყობას.

ამასთან საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი უძრავი ქონებების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური.

ცვლილება შევიდა ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმაში. ცვლილება ითვალისწინებს, მასშტაბით და ადგილმდებარეობით შეუსაბამო ობიექტის ნაცვლად, შადრევნის და სარეკრეაციო სივრცის მოწყობას. დაზუსტდა საკრებულოს წევრების გარდა თანამდებობის პირებისა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების პროცედურები.

დღეს დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელეს.