ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 აპრ 2026

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. დეპუტატებმა მმართველი გუნდიდან აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს რეგიონში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. ოპოზიციამ კი გააკრიტიკა.

საკრებულომ დღეს თანხმობა უნდა  მისცეს ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილის, ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

დოკუმენტის მიხედვით, მეორადი ქვაფენილი მოხმარდება საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეკლესია- მონასტრების ეზოების კეთილმოწყობას.

ამასთან საკრებულო განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი უძრავი ქონებების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურს. ცვლილება შევა ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმაში. ცვლილება ითვალისწინებს, მასშტაბით და ადგილმდებარეობით შეუსაბამო ობიექტის ნაცვლად, შადრევნის და სარეკრეაციო სივრცის მოწყობას.

დაზუსტდება საკრებულოს წევრების გარდა თანამდებობის პირებისა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების პროცედურები. დღეს დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელებენ.