ალბი კორძაიას ბრალდებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

22 აპრ 2026

ალბი კორძაიას ბრალდებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. აქტივისტი გამოკითხვაზე  გუშინ დაიბარეს, თუმცა ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადებულა.

ალბი კორძაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფლობს ინფორმაციას გაუპატიურების ფაქტზე და ასევე საუბრობდა ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე. ბრალდებას თავად ჭოხონელიძე კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ სამართლებრივ დავას დაიწყებს.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე ასევე დაიბარებენ აქტივისტ ლუკა ჭოხონელიძესაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა აქტივისტმა ალბი კორძაიამ გუშინ დაწერა, რომ ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი, თუმცა პოსტი მოგვიანებით წაშალა.