22 აპრ 2026
დღეს, გარემოს დაცვა აღარ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების თემას, არამედ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, საზოგადოებისა და მოქალაქეების ყოველდღიურობაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და მის პრეზიდენტს მნიშვნელოვანი სამიტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება, კლიმატის პოლიტიკის განვითარება და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია.
"დღეს, გარემოს დაცვა აღარ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების თემას, არამედ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, საზოგადოებისა და მოქალაქეების ყოველდღიურობაზე.
კლიმატის ცვლილება, წყლის უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რისკები თუ გარემოს დაბინძურება - ეს გამოწვევები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის ჩვენი საზოგადოების მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
ამ კონტექსტში, ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებასა და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას. აღნიშნული პრიორიტეტები ჩვენი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია და მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.