საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბათუმი 2026“

21 აპრ 2026

დღეს ბათუმში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბათუმი 2026“-ის პრეზენტაცია და ოფისი გახსნა.

ფესტივალის ფინალურ ეტაპს ჩვენი ქალაქი მიმდინარე წლის 2-6 ივნისს უმასპინძლებს. შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის ასაკის სპორტსმენებს შორის გაიმართება.

სულ ფესტივალში 1200-მდე ათლეტი იასპარეზებს. ფინალურ ეტაპს წინ უძღვის მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები, რომელიც ხორციელდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის, ფესტივალში მონაწილე სპორტის სახეობების ეროვნული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ორგანიზებით.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმოადგენს პირველ მულტისპორტულ, მასშტაბურ შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები.

პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, ასევე ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.