საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

21 აპრ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ მინისტრმა სულხან თამაზაშვილი დანიშნა. 

სულხან თამაზაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უახლოეს დღეებში დასახელდება, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

სულხან თამაზაშვილის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ერთი წლის განმავლობაში ეკავა. მან ამ პოსტზე 2025 წლის 4 აპრილს თორნიკე რიჟვაძე ჩაანაცვლა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სულხან თამაზაშვილმა გეკა გელაძე შეცვალა. საკადრო ცვლილებების თანახმად, პრემიერ მინისტრმა, გეკა გელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინა. ​გეკა გელაძე  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2025 წლის 28 მაისიდან იკავებდა.

რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, პრემიერ მინისტრის განცხადებით, იგი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჩაიბარებს, ახალი უწყება საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება.  პრემიერ მინისტრის თქმით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

მასთან ერთად ვიცე-პრემიერის ფუნქციას ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც შეითავსებს.