21 აპრ 2026
საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანიშვნის შემდეგ მამუკა მდინარაძეს მოუწია, ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ხვალამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით. მინდა, მამუკა მდინარაძეს მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, განხორციელდა სისტემური რეფორმები მისი ხელმძღვანელობით, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია. დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ძალიან წარმატებული იყო ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ამ ყველაფრისთვის მამუკა მდინარაძეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე გეკა გელაძემ შეცვალა.