21 აპრ 2026
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრმა ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა შატოს, ე.წ. ორანჟერეასა და ჰამოს შენობებს, პოლკოვნიკ წერეთლის სახლს, ბიბლიოთეკას, ადმინისტრაციის შენობასა და მამულის გალავანს. ასევე, ტერიტორიაზე გაშენდა ქართული ვენახი.
დასასრულს უახლოვდება ტრადიციული ქართული ოდისა და სამზარეულოს შენობის მოწყობა, სადაც ქართული რესტორანი განთავსდება.
მიმდინარეობს ლევილის ქართველთა მამულის პარკის ინფრასტრუქტურისა და ელექტრომომარაგების პროექტის განხორციელება.
მიმდინარე წელს დასრულდება ხელოვანთა ატელიეების, შიდა გზების, ავტოსადგომებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. სექტემბრამდე კი შატოში მოეწყობა პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცე; აღიჭურვება ბიბლიოთეკა, მედიათეკა; ასევე მოეწყობა ფრანგული ბაღი და სუვენირების მაღაზია.