ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გახსნილად გამოცხადდა

21 აპრ 2026

ბათუმის სპორტის სასახლეში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელიც ცერემონია პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, მისივე საგალობლით „წმინდაო ღმერთო“ გაიხსნა, იგი  ანსამბლმა „ბასიანმა“ შეასრულა. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ტალახაძემ დამსწრეებს  სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გახსნის ცერემონიაზე ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ სპორტის ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის - ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცა ალბანელ და უკრაინელს სპორტსმენებს.

დაჯილდოვდნენ 2025 წლის ევროპის საუკეთესო ქალი და კაცი ძალოსნებიც. ქალებში საუკეთესოდ დასახელდა ნორვეგიელი სოლფრიდ კოანდა, კაცებში კი ბულგარელი კარლოს ნასარი.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპის ძალოსნობის ფედერაციის უმაღლესი ჯილდო, სპორტული ღირსების ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე. ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ჯილდოები გადასცა სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს და ევროპის ფედერაციის პრეზიდენტ ასტრიდ ჰასანს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატება უსურვა. მისი განცხადებით, ბათუმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების ღირსეული მასპინძელია. ღონისძიებაზე სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა  და მსაჯებმა ფიცი დადეს,  დასასრულს კი ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონატი გახსნილად გამოაცხადა.