პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიში წარედგინა

21 აპრ 2026

პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში წარედგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალის მხრიდან გაგრძელდა ქართველების შევიწროვების, საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის კონტაქტების გაწყვეტისა და მათი რუსიფიკაციისკენ მიმართული მცდელობები.

უწყების ცნობით, 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონოდ დაკავების – 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართუებით 40 შემთხვევა. სუსი-ს განმარტებით, საოკუპაციო ძალა მიზანმიმართულად ცდილობს, უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

სუს-ი პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე კვლავ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესები. 

უწყების განცხადებით, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში ცალკეული საგარეო და შიდა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშში გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.