21 აპრ 2026
2025 წელს გამოვლენილი ტენდენციების ფონზე, მცირე ქვეყნებს უფრო მეტად გაურთულდათ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, რადგან მძაფრი კონკურენციის პირობებში მსხვილი აქტორები, მათ შორის, ცდილობდნენ საკუთარი გავლენის ზონაში მოაზრებული ქვეყნებისთვის სუვერენული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის შეზღუდვას - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რთულად პროგნოზირებადი გლობალური პროცესების ფონზე, საქართველოს მიმართ შენარჩუნებული იყო შიდა და საგარეო საფრთხეების მაღალი დონე, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების ინსპირირებისა და არასტაბილური გარემოს შექმნის ალბათობა.
„2025 წელს გააქტიურდა მსოფლიო წესრიგის ცვლილებისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფორმირების პროცესი. მნიშვნელოვნად გამძაფრდა გლობალურ აქტორებს შორის კონკურენცია, გამოიკვეთა ცალკეულ რეგიონებში არსებული ძალთა ბალანსის, სამხედრო-პოლიტიკური ალიანსებისა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების ტრანსფორმაციის ტენდენციები. მსხვილი აქტორების მხრიდან გაიზარდა ძალისმიერი მიდგომებისა და მათ ხელთ არსებული ზეგავლენის სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებით საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის მცდელობები. სერიოზული ცვლილებები განიცადა, ასევე, გეოპოლიტიკის ეკონომიკურმა განზომილებამ. საერთაშორისო ვაჭრობამ დაკარგა წმინდა ეკონომიკური მექანიზმის ფუნქცია. სავაჭრო ომებმა და პროტექციონიზმმა მსოფლიო ვაჭრობა გადააქცია სტრატეგიული ზეგავლენის ინსტრუმენტად.
დაჩქარდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტების ტრანსფორმაციის პროცესი. საკვანძო მნიშვნელობა შეიძინა ცალკეულ კრიტიკულ რესურსებზე კონტროლის მოპოვებამ და ამ კუთხით სხვა სახელმწიფოებზე დამოკიდებულების შემცირებამ.
2025 წელს გამოვლენილი ტენდენციების ფონზე, მცირე ქვეყნებს უფრო მეტად გაურთულდათ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, რადგან მძაფრი კონკურენციის პირობებში მსხვილი აქტორები, მათ შორის, ცდილობდნენ საკუთარი გავლენის ზონაში მოაზრებული ქვეყნებისთვის სუვერენული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის შეზღუდვას, რისთვისაც ინტენსიურად გამოიყენებოდა სახელმწიფოს შიდა პროცესებში უხეში ჩარევის პრაქტიკა, ასევე ფიქსირდებოდა ამ მიმართულებით საერთაშორისო მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია. ამ ფონზე, კიდევ უფრო შემცირდა მცირე სახელმწიფოების მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპების აწ/და საერთაშორისო ორგანიზაციების მექანიზმების საფუძველზე საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები.
საანგარიშო პერიოდში, რთულად პროგნოზირებადი გლობალური პროცესების ფონზე, საქართველოს მიმართ შენარჩუნებული იყო შიდა და საგარეო საფრთხეების მაღალი დონე, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების ინსპირირებისა და არასტაბილური გარემოს შექმნის ალბათობა. შესაბამისად, არსებული გამოწვევების პრევენციის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომპლექსური ღონისძიებების გატარება უწევდა.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენდა. ამ მიმართულებით სამსახურს მუდმივ რეჟიმში რეაგირება უწევდა ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.
2025 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა აქტიურ საქმიანობას, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული შიდა თუ გარე აქტორების მიერ წარმოებული დესტრუქციული ღონისძიებების პრევენციის მიზნით. მათ შორის, გატარებული ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა“,- ნათქვამია ანგარიშში.