საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი - სუს-ი

21 აპრ 2026

საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი. ასევე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

უწყება აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში შენარჩუნებული იყო საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოების მზარდი ტენდენცია.

მათი ცნობით, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან ერთად, კამპანიაში აქტიურად ჩართული იყვნენ საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.

„ცალკეულ შემთხვევებში, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე მის ფარგლებს გარედან მომდინარე პროპაგანდისტული ნარატივების უკან, ერთი შეხედვით, პოლიტიკური მდგენელი იკვეთებოდა, თუმცა, მეორე მხრივ, მსგავსი საინფორმაციო კამპანიები ხელს უწყობდა ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციას და საქართველოს, როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დიაკრედიტაციას, საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების ზრდას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასევე, ეს ახალისებდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობებს, იწვევდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანებას“, – ნათვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუციებიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა და ორმაგი სტანდარტების შემცველმა საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყო როგორც საქართველოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებს, ეწარმოებინათ ეფექტიანი ანტისადავლური პროპაგანდა, საზოგადოების ნაწილში გაეჩინათ ნიჰილიზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ.

„ამ კონტექსტში, 2025 წელს ნიშანდობლივი იყო ავტორიტარული ბრიტანული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული საგამოძიებო სიუჟეტი, რომელიც ერთგვარად გახდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი და შეიძლებოდა, ქვეყანაში უარყოფითი შედეგები გამოეწვია. სახელმწიფოს დროული რეაგირების შედეგად, რაც გამოიხატა დროული საგამოძიებო მოქმედევლბების ჩატარებასა და საზოგადოების პროაქტიულ ინფორმირებაში, თავიდან იყო აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რასაც ზემოაღნიშნული დეზინფორმაციული სიუჟეტი ისახავდა მიზნად“, – ნათქვამია ანგარიშში.