20 აპრ 2026
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორთან, მარკ ტერვაკოსკისთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელდა.
„მხარეებმა ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს შორის არსებული ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
შეხვედრა უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.