20 აპრ 2026
2026 წლის პირველ კვარტალში ღვინის ხარისხის კონტროლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
2026 წლის პირველ კვარტალში ათეულობით კომპანიაში განხორციელდა საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს და ასევე სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ისახავს მიზნად.
ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, პირველ კვარტალში ასევე 64 დეგუსტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა საექსპორტო პროდუქციაში შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
აქვე, კვლავ გამოწვევად რჩება ადგილობრივი ბაზარი, სადაც შემოწმებული 56 კომპანიიდან დარღვევა დაფიქსირდა 33 კომპანიის 49 ნიმუშში.