17 აპრ 2026
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში დელეგაციის წევრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პოლიტიკურ ლიდერებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, რომელიც იმართება ჩვენს მეზობელ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში. მეორედ ვიღებთ მონაწილეობას ამ ფორუმში, წელსაც მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში. ასევე, ეს ფორუმი გვაძლევს საშუალებას, რომ გავესაუბროთ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს და, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, სადაც ისაუბრებენ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის.
„ეუთოს გენმდივანთან შეხვედრა უკვე გაიმართა. საუბარი გვქონდა ეუთო-სთან ჩვენს თანამშრომლობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და გვქონდა საინტერესო დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დღეს ასევე გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის“ - განაცხადა პრემიერმა.